მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • „უკვე 15 ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკებით ბოლო დღეებში და 30-ზე მეტი კომაშია!“ - ნახეთ, რა ინფორმაცია ვრცელდება

    loading...
    შაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა ნარკოტიკებით, თუმცა, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ გაცილებით მეტი მსხვერპლია, ვიდრე საჯაროდ ამბობენ. „ალია» «ქართული დასის» ლიდერს ჯონდი ბაღათურია ესაუბრა:

    - რაც მე უკვე ზუსტად ვიცი, საუბარია 15 გარდაცვლილზე ბოლო დღეების განმავლობაში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს ჩვენი ნაცნობი და აქედან ვიცი. თუმცა ჩემი ვარაუდით, ნარკოტიკებისგან გარდაცვლილთა რაოდენობა ამაზეც გაცილებით მეტია. ერთი კვირის წინ, სამი ახალგაზრდა მიიყვანეს ერთად, მეგობრები იყვნენ და იმ დღესვე მიიყვანეს კიდევ ორი. შემდეგ უკვე ამ ორშაბათს თუ სამშაბათს მიიყვანეს ჩემი ახლობლის შვილი და იმ დღეს იყო კიდევ ექვსი გარდაცვლილი! დღეს კიდევ აგერ სამი გარდაიცვალა, სადღაც 30-ზე მეტი კი კომაშია და აპარატებზე არიან შეერთებულები! რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს კიდევ, რომ ერთ კლუბში მაინც შევიდეს პოლიცია ჩხრეკაზე? ამოიღონ ვიდეოკამერების ჩანაწრები, კლუბებში ხომ არის კამერები დაყენებული? პირდაპირ ღიად, ოფიციალურად ყიდიან ნარკოტიკებს, კაცო! როგორც ლუდი მოაქვთ ლანგარზე დადებული, ასე მოაქვთ თეფშზე დადებული სხვადასხვა ნარკოტიკი კლუბში მყოფთან და ყიდიან! წინაზე რომ დავწერე ჩემს «ფეისბუკზე», 12 ახალგაზრდაა უკვე გარდაცვლილი-მეთქი, იმ პოსტის კომენტარში პირდაპირ დამიწერა ერთ-ერთი კლუბის მეპატრონემ – შენი ბრალიაო ესო, ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაცის რომ უშლი ხელსო, თორემ ხარისხიან ნარკოტიკს გავყიდდითო! ტიპი პირდაპირ ამბობს, რომ ხარისხიანი ნარკოტიკის გაყიდვა უნდა, რადგან ახლა თურმე უხარისხოს ჰყიდის! და საერთოდ, ხარისხიანი და უხარისხო ნარკოტიკი არ არსებობს – ეშმაკი არსებობს კეთილი და ბოროტი? ეშმაკი მხოლოდ ბოროტი არსებობს, ასევეა ნარკოტიკიც – ყველა კლავს, ყველაზე ნატურალურიც კი! ყველაზე ნატურალურ ნარკოტიკად ოპიუმი მიიჩნევა და ამ ოპიუმმა ამოწყვიტა წლების წინ ნახევარი თბილისი! თქვენ რომ ახლა სადმე ყავახანა გქონდეთ, ან ჩაის სახლი და ვინმე გულის ინფარქტით, ან სხვა რამით გარდაიცვალოს თქვენს დაწესებულებაში – მთელი წელი დაკითხვებზე გარბენინებენ და გაგამწარებენ! ამდენი ახალგაზრდა გარდაიცვალა უკვე და ერთ კლუბშიც კი არ ჩატარებულა ჩხრეკა, ერთი კაციც კი არ დაუკავებიათ! რატომ? იმიტომ, რომ ამ კლუბების მეპატრონეებიდან ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირია, ზოგი მთავრობის წევრია, ზოგი პარლამენტის წევრია – სწორედ ისინი «კრიშავენ» ამათ და ისინი ეწევიან ნარკოტიკებით ვაჭრობას! ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ვაჭრობენ სიკვდილით! ეგენი ყიდიან ნარკოტიკებს და იმიტომაც არ იხურება არც ერთი კლუბი, იმიტომაც არ ტარდება ჩხრეკაც კი!

    - შეიძლება, დადასტურებულად არ იცით, მაგრამ აუცილებლად უნდა გკითხოთ ეს: თქვენი ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი მაღალი თანამდებობის პირები, რომელი პარლამენტის წევრები «კრიშავენ» ბარიგებს და ჰყიდიან ნარკოტიკებს?

    - მე თუკი ამას ვიტყვი, უნდა დავდო ამის მტკიცებულებები და მინდა გაგიმხილოთ, რომ ვმუშაობ კიდეც ამ მტკიცებულებების მოგროვებაზე! მოდით, თქვენ თავადაც შეხედეთ ყველაფერს: ცნობილნი არიან კლუბების მეპატრონეები, ასევე ცნობილნი არიან ის ადამიანები, ვინც პარლამენტში პირდაპირ შემოიტანა და დაარეგისტრირა კანონი, რომლითაც იმის «გაპრავება» მიმდინარეობს, რაც დღეს ხდება – ამ პარლამენტარების რაოდენობა ხუთია. იმ კანონში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, დამზადება და წარმოება, საქართველოში შემოტანა, ანუ იმპორტი, საქართველოდან ექსპორტი და საერთაშორისო ტრანზიტი – ისჯება 100 ლარი ჯარიმით. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს არის დიდი ოდენობით ნარკოტიკი, თუკი ეს არის ჯგუფურად და არაერთგზის და თუკი ამ ყველაფერში თანამდებობის პირები არიან ჩარეულნი! აი, ეს ყველაფერი დაწერა პარლამენტის ხუთმა წევრმა და კანონად უნდათ, აქციონ. მიმიხვდით? რა შეკითხვების დასმა უნდა ახლა ამას, ვინ არის ამ ყველაფრის ლობისტი?

    - ანუ ამ საუბრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამწერ-ხელის მომწერები მოიაზრებიან ნარკოტიკების თემის ლობისტებად.

    - მე არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ გეუბნებით ფაქტს და შემდეგ, თავად შეაფასეთ. პარლამენტის იმ ხუთ წევრს შეგახსენებთ – ერთი არის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე, მეორეა მისი მოადგილე კობერიძე, მესამეა დიმიტრი ცქიტიშვილი, რომლის არსებობაც საერთოდ არ ვიცოდი, მეოთხეა თამარ ხულორდავა და მეხუთეა სოფიო ქაცარავა! ხუთივე «ქართული ოცნების» წევრია! ამოიღეთ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელიც ჩუმად, ქურდულად ტარდებოდა, მე უბრალოდ პარლამენტიდან შემატყობინეს, რომ ეს ტარდებოდა – 28 დეკემბერს, როცა პარლამენტი წესით უკვე აღარ მუაობდა! სხდომა, რომელიც 3 საათზე უნდა დაწყებულიყო, მე რომ მნახეს მისული, 8-საათამდე არ დაიწყეს, ეგონათ ლოდინი მომბეზრდებოდა და წავიდოდი. ამ სხდომის ოქმი ამოიღეთ და ნახავთ, რომ რეგლამენტის დარღვევით, კომიტეტის წევრები რომ არ ესწრებოდნენ, მოახდინეს იმ წევრების ჩანაცვლება, უკანონოდ უყარეს კენჭი ამ კანონპროექტს და მხარი დაუჭირეს! მერე ღვთის წყალობით, ისე მოხერხდა, რომ შეჩერდა ამ პროექტის მიღება, თუმცა დღემდე არ გაუწვევიათ უკან, დღემდე ჭიდაობენ მის გატანაზე და დღემდე ამბობენ, რომ ამდენი ახალგაზრდის ნარკოტიკებით დაღუპვა თურმე იმის ბრალია, რომ ლეგალიზაციას ხელს ვუშლით!

    - თქვენს «ფეისბუკ»-პოსტში ადამიანებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ამ საშინელებაზე ხმის ამოღებისკენ მოუწოდებთ – გაქვთ უკვე გადაწყვეტილი დრო და ადგილი საპროტესტოდ, თუ ჯერ არ მიგიღიათ ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება?

    - აუცილებლად ვაპირებთ ამას, უბრალოდ თანამოაზრეებთან მინდა, გავიარო ეს საკითხი და ყველა ერთად შევთანხმდეთ დროსა და ადგილზე. აქ საორგანიზაციო ჯგუფი უნდა შეიქმნას და ამისთვის 2-3 დღე მაინც დამჭირდება. მოთხოვნა იქნება შემდეგი: ყველა ნარკოდილერი და ამ დილერების მფარველი თანამდებობის პირი დაუყოვნებლივ იქნას დაკავებული! მეორე მოთხოვნა იქნება ის, რომ კანონში შევიდეს ცვლილება, ნებისმიერი რაოდენობის ნარკოტიკის ვაჭრობა-გავრცელებაზე უვადო პატიმრობა და ნარკომოვაჭრეთა ქონების სრული კონფისკაცია, მათ შორის, მათივე ოჯახის წევრების ქონებების ჩათვლით! ეს კონფისკირებული ქონება და ფულადი რესურსი კი უნდა მოხმარდეს ნარკომოვაჭრეების მსხვერპლებს! ნარკომომხმარებელი არის მსხვერპლი და მათ რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს შემდეგ ეს ყველაფერი!
    „ალია“, ნინო ლაბარტყავაскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...