მთავარი გვერდი კავშირი რეკლამა წესები
  • ავტორიზაცია
  • რეგისტრაცია
  • ტელესიახლეები – რას ნახავთ ახალი სეზონიდან ქართულ ტელებაზარზე - exclusive

    loading...

    ზაფხულის ცხელი დღეები იწურება, შვებულების ტკბილი დღეებიც დასასრულს უახლოვდება. დაცარიელებული დედაქალაქიც ივსება. ყველაზე ადრე შვებულებას მაინც ჟურნალისტები ვასრულებთ, რადგან ახალ სეზონზე ახალი განწყობა შევუქმნათ ჩვენს მკითხველსა თუ მაყურებელს.
    დიდი ცვლილებების შემდეგ ეთერს უბრუნდება გასართობი გადაცემები. 

    „რუსთავი 2“-დან გადაბარგებული „ნიჭიერი“ „იმედზე“ იღებს სტარტს. ამ ეტაპზე ამ პროექტისთვის ქასტინგს ატარებს. პროექტის პროდიუსერმა გიორგი ხაბურძანიამ თავი შეიკავა კომენტარისგან და დაგვპირდა, რომ სექტემბრის პირველ კვირას სხვა სიახლეებზეც გვიამბობს.
    „იმედზე“ განახლდება, აგრეთვე, „გია ჯაჯანიძის შოუ“ და „პრაიმ შოუ“. ამ უკანასკნელის პროდიუსერმა, ნოე სულაბერიძემ გვითხრა, რომ შოუ 6 სექტემბერს აიღებს სტარტს. 7 სექტემბერს კი „გია ჯაჯანიძის შოუ დაიწყება“. „სიახლეებს ეკრანზე დაელოდეთ, გვითხრა „სხვა რაკურსის“ პროდიუსერმა მაია სტეფნაძემ.


    ახალი სეზონიდან „ფორმულა კრეატივი“ „ჩემი ცოლის დაქალებს“ განაახლებს.
    ირაკლი საღინაძე:
    – ჩცდ-ს მე-12 სეზონი 15 სექტემბერს დაიწყება. სხვა ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც საზოგადოებისთვის გასაცნობად ღირს, არაფერია. თავისთავად, ნებისმიერი ახალი სეზონი, სერია ან სხვა გამოწვევა სიახლის ელემენტებს ყოველთვის შეიცავს.
    – რაც შეეხება „ხელოვნურ სუნთქვას“?
    – ამ პროექტთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის. დაკონსერვებულია და შესაბამის დაფინანსებას ელოდება.

    გადაცემა „პროფილის“ გუნდიც ახალი სეზონისთვის ემზადება. გადაცემის პროდიუსერი ნიკა ხაჩიძე პირველი გადაცემის თემას არ გვიმხელს.

    „კომედი ჯგუფი“, ძველ გადაცემებთან ერთად, ახალ პროექტებსაც გვპირდება.
    ალეკო მალხაზიშვილი:

    – ყველა გადაცემა გავა ჩვეულ რეჟიმში და გარდა ამისა, ვმუშაობთ ახალ პროექტზე, რომელსაც სექტემბრიდან იხილავს მაყურებელი. ყველა გადაცემა განახლდება, სტუდიურადაც, შეფუთვითაც და ფორმატული ცვლილებებითაც.
    – ახალ პროექტებზე უფრო კონკრეტულად ვერ მომიყვები?
    – ჯერ ფორმატი ყალიბდება და კონკრეტიკას თავს ავარიდებ.

    დიდი ცვლილებებია ტელეკომპანია „იბერიაში“. 

    ვანიჩკა პავლიაშვილი:
    – „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ და „ფაბრიკა“ გაგრძელდება. „პრიორიტეტის“ ფორმატი იცვლება. ეს იქნება გადაცემა, რომლის მსგავსი ქართულ ტელესივრცეში არ არის. „პრიორიტეტს“ კვლავ მაკა რაზმაძე გაუძღვება. დაემატება რუბრიკები, რომლის წამყვანები ვიქნებით მე და ლიზა ვადაჩკორია. გადაცემა ეთერში გავა ყოველ შაბათ-კვირას, 8 საათზე. ცხრა საათზე კი დაიწყება „პრიორიტეტის“ ახალი რუბრიკა. ლიზას თავისი თემები ექნება, მე – ჩემი.
    – ლიზა ვადაჩკორია პოლიტიკურ ტოქშოუში ახალია ჩვენთვის...
    – არა, ლიზას თავისი თემები ექნება, ჩვენი თემები არ იქნება პოლიტიკური. ჩვენ ვაკეთებთ რუბრიკას აკრძალულ, ტაბუდადებულ თემებზე. ეთერში სექტემბრის პირველ შაბათს გავალთ. 

    ვახტანგ ხუზმიაშვილი:
    – ახალ სეზონზე ახალი მთავარი პოლიტიკური ტოქშოუ გავა ეთერში, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, საღამოს 8 საათზე, სახელწოდებით „ცენზურის გარეშე“. შოუს ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გაუძღვება. ასევე, გვემატება კიდევ ერთი ახალი ტოქშოუ, რომელიც დღეში ორჯერ გავა ეთერში. ახლა მოლაპარაკებები გვაქვს საზოგადოებისთვის ცნობად სატელევიზიო სახესთან, რომელმაც გვინდა წაიყვანოს ეს შოუ. საინფორმაციო გამოშვებები ძველ რეჟიმში გავა ეთერში. ჩვენთვის ეს ერთი წელი მაყურებელთან გაცნობითი ხასიათის იყო. მივიღეთ ნდობა, რომელსაც ველოდებოდით. თუ რამე შენიშვნები იყო, გავითვალისწინეთ და ახალი სეზონიდან მაქსიმალურ ოპერატიულობასა და ობიექტურობას ვპირდებით მაყურებელს. 

    ლიზა ვადაჭკორია:
    – ახალ სეზონზე ნაკლები გასართობი და მეტი პოლიტიკური გადაცემა გავა. სამწუხაროდ, დროებით შეჩერებულია შუადღის გადაცემა „3-დან 5-მდე“.
    თუმცა გლამურული რუსკას „hello თბილისი“ კვლავ რჩება საეთერო ბადეში. რუსკა ამჟამად უცხოეთში საზღვაო კურორტზე ნებივრობს და ძალებს იკრეფს ახალი სეზონისთვის.
    ახლა კი უშუალოდ ლიზა ვადაჩკორიას პროექტებზე. ცვლილებებს განიცდის ტოქშოუ „კრაზანა“, რომელიც უფრო მწვავე სოციალურ თემებს დაუთმობს დროს.
    და მთავარი, უკვე მზადების პროცესშია ახალი პროექტი „სახალხო კონტროლი“, რომელიც ააფეთქებს სატელევიზიო სივრცეს თავისი სიმძაფრითა და სიმწვავით.
    ინტრიგას ვიტოვებთ და ჯერ არ გეტყვით, ვინ იქნება წამყვანი და რაზეა ეს გადაცემა, თუმცა გეტყვით, რომ ამ გადაცემის რუსული და უკრაინული ანალოგები არსებობს.
    არაერთ არხს უნდოდა ამ პროექტის განხორციელება, თუმცა სირთულეების გამო, არ გამოუვიდათ.
    ამ პროექტს „იბერიას“ მაყურებელი სექტემბრის მეორე ნახევარში იხილავს ეკრანზე.

    ცვლილებებია TV პირველზეც.

    ნინო შუბლაძე:
    – ახალი სეზონისთვის მზადება ფინალში გადის. 4 სექტემბრიდან დაიწყებს TV პირველი ახალ სეზონს. არხის მთავარი სახეები რჩებიან არხზე. ვიწყებთ ახალ პროექტს. პარასკევ საღამოს ყველა წამყვანს ერთად, ერთ სტუდიაში იხილავს მაყურებელი. ეს იქნება კვირის ყველა მთავარი ამბის შეჯამება. საკმაოდ ამბიციურ პროექტს ვიწყებთ. გადაცემას ერქმევა „პირველები TV პირველზე“. ინგა გრიგოლია პირდაპირ საარჩევნო რეჟიმში შევა ეთერში თავისი „რეაქციით“. გაგრძელდება ვახო სანაიას „ხალხის პოლიტიკა“, რომელიც პოლიტიკურთან ერთად საარჩევნო თემატიკით განახლდება. ვაპირებთ, მოვიცვათ რეგიონები, იქაური კანდიდატები. სიახლეები აქვს გიორგი ისაკაძესა და მის გუნდს, რომელმაც განაახლა თავისი ფორმატები. გაგრძელდება ნინო ჟიჟილაშვილის „პოლიტმეტრი“. რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურს, მაქსიმალურად ვცდილობთ, უფრო გაზრდილი, მრავალფეროვანი და სრულყოფილი, დახვეწილი შევთავაზოთ მაყურებელს. ჩვენი მაყურებლისთვის ჟურნალისტების ახალი თაობა მუშაობს, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ყოველგვარ გავლენებს მიღმა მყოფი. გვაქვს ახალი სლოგანი, „ვიგებთ ჩვენ, იგებთ თქვენც“. ასე რომ, ახალი სეზონიდან „TV პირველზე“ ახალი სიცოცხლე იწყება. დაგველოდეთ.

    Read more at http://primetime.ge/news/1503905422-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%96%E1%83%94-exclusive#uO5ukDEShhCWhGXe.99скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно
    loading...
    loading...